იხილეთ, როგორ შეუძლია Tor-ბრაუზერს თქვენი პირადულობის ხელყოფისა და ვინაობის გამჟღავნებისგან დაცვა
როგორ ჩამოვტვირთო Tor-ბრაუზერი
Tor-ბრაუზერის დაყენება
იხილეთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ Tor-ბრაუზერი პირველად
როგორ აღკვეთს Tor-ბრაუზერი ამოცნობის შეტევებს
რა უნდა მოიმოქმედოთ თუ Tor-ქსელი შეზღუდულია
მისაერთებელი გადამყვანების დიდი ნაწილი, მათ შორის obfs4, ეფუძნება „ხიდურ“ გადამცემებს
იხილეთ ვრცლად, თუ როგორ უნდა მართოთ პირადი და ვინაობის დამდგენი„ მონაცემები Tor-ბრაუზერში
მომსახურებები, რომლებიც მხოლოდ Tor-იდანაა ხელმისაწვდომი
იხილეთ ვრცლად, თუ როგორ უნდა დაიცვათ მონაცემები Tor-ბრაუზერითა და HTTPS-ით
Tor-ბრაუზერის გამართვა უსაფრთხოებისა და მოსახერხებლად გამოყენებისთვის
როგორ მოვიქცე, თუ Tor-ბრაუზერი არ მუშაობს
როგორ განვაახლოთ Tor-ბრაუზერი
როგორ იყენებს Tor-ბრაუზერი დამატებებს, მოდულებსა და JavaScript-ს
როგორ ხდება Tor-ბრაუზერის სისტემიდან ამოშლა
იხილეთ Tor მობილური მოწყობილობებისთვის
გამოვლენილი ხარვეზები
როგორ შეიძლება დაყენდეს Tor-ბრაუზერი მოსახსნელ მეხსიერებაზე
როგორ მიიღოთ დახმარება, მოგვახსენოთ ხარვეზი ან გამოგვეხმაუროთ
Tor-ბრაუზერი იყენებს Tor-ქსელს თქვენი პირადულობისა და ვინაობის გამჟღავნებისგან დასაცავად. Tor-ქსელის გამოყენებას ორი მთავარი უპირატესობა გააჩნია:
თქვენი ინტერნეტმომსახურების მომწოდებელი, დამსაქმებელი და ნებისმიერი სხვა ადგილობრივი ზედამხედველი თქვენი კავშირისა, ვერ შეძლებს თვალი ადევნოს თქვენს მოქმედებებს ინტერნეტში, მათ შორის მონახულებული გვერდების დასახელებებსა და მისამართებს.
ვებსაიტების ან მომსახურებების უკან მდგომნი და ნებისმიერი სხვა მათი თვალყურისმდევნებელი იხილავს მხოლოდ იმას, რომ კავშირი მოდის Tor-ქსელიდან, ნაცვლად თქვენი ნამდვილი ინტერნეტმისამართისა (IP), შესაბამისად ვერ გაიგებენ ვინ ხართ, სანამ თავად არ გაამხელთ საკუთარ ვინაობას.
ამასთანავე, Tor-ბრაუზერი არ აძლევს საშუალებას ვებსაიტებს დაგიმახსოვრონ ან ამოგიცნონ ბრაუზერში გამართული პარამეტრების მიხედვით.
ნაგულისხმევად Tor-ბრაუზერი არ ინახავს მონახულებული გვერდების ისტორიას. ფუნთუშები მოქმედია მხოლოდ ერთი სეანსი (Tor-ბრაუზერის დახურვამდე ან ახალი ვინაობის მოთხოვნამდე).
Tor წარმოადგენს გვირაბების ერთგვარ ქსელს, რომელიც საშუალებას გაძლევთ პირადი მონაცემების დაცვით და უსაფრთხოდ ისარგებლოთ ინტერნეტით. Tor აგზავნის მონაცემებს სამი შემთხვევით არჩეული მომსახურე კომპიუტერის (ე.წ. გადამცემი წერტილის) გავლით Tor-ქსელში. წრედის ბოლო გადამცემი კი (ანუ „გამსვლელი წერტილი“) ამ მონაცემებს, შემდგომ აგზავნის ღია ინტერნეტში.
ზემოთ სურათზე ნაჩვენებია, როგორ ათვალიერებს გვერდებს მომხმარებელი Tor-ით რამდენიმე გადამცემის გავლით, რომლებიც ხახვებითაა წარმოდგენილი, ამასთანავე, კავშირი დაშიფრულია და გაიშიფრება თითოეულ კვანძთან.
ყველაზე მეტად უსაფრთხო და მარტივი გზა Tor-ბრაუზერის ჩამოსატვირთად, Tor-პროექტის ოფიციალური ვებსაიტია https://www.torproject.org/ka/download. თქვენი კავშირი საიტთან დაცულია HTTPS-არხით, რომელიც არ აძლევს უცხო პირებს კავშირში ჩართვის ან გვერდის გაყალბების საშუალებას.
მიუხედავად ამისა, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, არ იყოს შესაძლებელი Tor-პროექტის საიტთან წვდომა: მაგალითად, როცა შეზღუდულია თქვენი ქსელიდან. ასეთ შემთხვევებში, სანაცვლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მითითებული გზები:
თუ ვერ ახერხებთ Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვას Tor-პროექტის მთავარი საიტიდან, სანაცვლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ოფიციალური სათადარიგო ბმულები, ან EFF, ან Calyx Institute.
GetTor წარმოადგენს მომსახურებას, რომელიც წერილზე პასუხის სახით ავტომატურად აგზავნის Tor-ბრაუზერის უახლესი ვერსიების ჩამოსატვირთ ბმულებს, განთავსებულს სხვადასხვა საიტებზე, როგორებიცაა Dropbox, Google Drive და GitHub.
გაგზავნეთ წერილი ელფოსტაზე gettor@torproject.org და შიგთავსში ჩაუწერეთ მხოლოდ „windows“, „osx“ ან „linux“ (ბრჭყალების გარეშე), თქვენი სისტემის შესაბამისად. მაგალითად, Tor-ბრაუზერის ჩამოსატვირთად Windows-ისთვის, გაგზავნეთ წერილი ელფოსტაზე gettor@torproject.org სიტყვით „windows“.
GetTor ავტომატურად უპასუხებს წერილს ელფოსტაზე ბმულებით, რომლებითაც შეგეძლებათ ჩამოტვირთოთ Tor-ბრაუზერის დასაყენებელი პროგრამა დაშიფრული ხელმოწერით (ჩამოტვირთული ფაილის ნამდვილობის შესამოწმებლად), ერთგვარი გასაღების ანაბეჭდით, რომელიც წარმოადგენს ფაილის სადარჯამს. ასევე შესაძლოა, შემოთავაზებული იყოს არჩევანი „32-ბიტიანსა“ და „64-ბიტიანს“ შორის: ეს დამოკიდებულია თქვენი კომპიუტერის სისტემაზე.
გაუგზავნეთ წერილი @GetTor_Bot-ს Telegram-ზე.
შეეხეთ ღილაკს 'Start' ან აკრიფეთ /start
მიმოწერის არეში.
აირჩიეთ ენა.
ორი გზა იქნება Tor-ბრაუზერის ჩამოსატვირთად.
Tor-ბრაუზერის საფუძვლად გამოყენებულია Mozilla Firefox ESR (გაფართოებული მხარდაჭერის გამოშვება), რომელიც დროდადრო იღებს უსაფრთხოების გადამწყვეტი საშუალებებისთვის განახლებებს Firefox-ის მთავარი ვერსიიდან. ამ განახლების შედეგად მოძველებული საოპერაციო სისტემები თანდათან შეუსაბამო გახდება პროგრამისთვის საჭირო ხელსაწყოების ახალ ვერსიებთან, რომლებიც მხოლოდ ბოლოდროინდელ სისტემებზეა ხელმისაწვდომი. ვადაგასული სისტემების მხარდაჭერა ხიფათის ქვეშ ამყოფებს Tor-ბრაუზერის უსაფრთხოებას, ვინაიდან საჭირო იქნება დაცვის განახლებული საშუალებებისა და იმ ხერხების გამოთიშვა, რომლებიც გადამწყვეტია მომხმარებელთა ვინაობის გაუმხელობისთვის ინტერნეტში.
გაითვალისწინეთ: აღარ იქნება მხარდაჭერილი Windows 7, 8, და 8.1, აგრეთვე macOS 10.12-იდან 10.14-ამდე მას შემდეგ, რაც გამოვა Tor-ბრაუზერი 14. Users on these legacy operating systems will continue to receive security updates for Tor Browser 13.5 for until at least September of 2025. Please follow the instructions on this Tor Forum post to download Tor Browser 13.5 legacy. დაჟინებით გირჩევთ, განაახლოთ, რომ წვდომა გქონდეთ ბოლოს გამოშვებულ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებთან, რომელთაც გთავაზობთ Tor-ბრაუზერი.
საოპერაციო სისტემები (32-ბიტიანი და 64-ბიტიანი):
Tor-ბრაუზერი მხარდაჭერილია Linux-ზე დაფუძნებულ ყველა თანამედროვე სისტემაზე. გთხოვთ შეგვეხმიანოთ თუ დაბრკოლებას აწყდებით დაყენებისას.
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ Windows-ზე .exe
ფაილი.
(სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.
მას შემდეგ, რაც ჩამოტვირთვა დასრულდება, ორჯერ დაწკაპეთ .exe
ფაილი. დაელოდეთ დაყენების მეგზურის მუშაობის დასრულებას.
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ macOS-ის .dmg
ფაილი.
(სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.
მას შემდეგ, რაც ჩამოტვირთვა დასრულდება, დაწკაპეთ .dmg
ფაილი. დაელოდეთ დაყენების მეგზურის მუშაობის დასრულებას.
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ Linux-ის .tar.xz
ფაილი.
(სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.
შემდეგ კი მიჰყევით ან გრაფიკულ, ან ბრძანებათა ველის მითითებებს:
როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, არქივის შიგთავსი გაშალეთ შესაბამისი პროგრამით.
გადადით Tor-ბრაუზერის საქაღალდეში.
დაწკაპეთ start-tor-browser.desktop
ფაილი, რომ გაეშვას ბრაუზერი.
გაითვალისწინეთ: თუ ეს ნაბიჯები არ იმუშავებს, მოსინჯეთ ბრძანებების შეყვანის ხერხი.
როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, არქივის შიგთავსი გაშალეთ ბრძანებით tar -xf [TB archive]
.
Tor-ბრაუზერის საქაღალდიდანვე შეგიძლიათ გაუშვათ ბრაუზერი ბრძანებით:
./start-tor-browser.desktop
შენიშვნა: თუ ეს ბრძანება არ იმუშავებს, მოგიწევთ ფაილი აქციოთ გამშვებად. ამავე საქაღალდიდან გაუშვით: chmod +x start-tor-browser.desktop
იმისთვის, რომ Tor-ბრაუზერი მიეთითოს გამშვებ პროგრამად და გამოჩნდეს პროგრამების მენიუში, გამოიყენეთ ბრძანება:
./start-tor-browser.desktop --register-app
იხილეთ, როგორ უნდა განაახლოთ Tor-ბრაუზერი.
Tor-ბრაუზერის გაშვებისას იხილავთ Tor-თან დაკავშირების ფანჯარას. იგი გთავაზობთ აირჩიოთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ Tor-ქსელს, თუ გამართოთ Tor-ბრაუზერი თქვენი კავშირებისთვის. იქვე იქნება მოსანიშნი, თუ გირჩევნიათ, რომ ყოველთვის თავადვე დაუკავშირდეს Tor-ქსელს.
უმეტეს შემთხვევაში „დაკავშირებაზე“ დაჭერა საკმარისია Tor-ქსელთან მისაერთებლად დამატებითი გამართვის გარეშე.
როდესაც დააწკაპებთ, გამოჩნდება მდგომარეობის ზოლი, სადაც ნაჩვენები იქნება Tor-თან კავშირის მიმდინარეობა. თუ შედარებით სწრაფი ინტერნეტი გაქვთ და ზოლის შევსება გაიჭედება ერთ წერტილში, დაიხმარეთ „კავშირის მეგზური“ ან იხილეთ გაუმართაობის აღმოფხვრის გვერდი ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ იცით, რომ თქვენი კავშირი ცენზურის ქვეშაა ან პროქსის იყენებს, მაშინ უმჯობესია დაწკაპოთ „კავშირის გამართვა“.
თუ Tor იზღუდება თქვენს ადგილსამყოფელზე, ხიდი გამოგადგებათ. კავშირის მეგზური აგირჩევთ მდებარეობის მიხედვით.
თუ კავშირის მეგზური ვერ დაადგენს თქვენს ადგილსამყოფელს, აირჩიეთ მხარე ჩამოსაშლელი მენიუდან და დაწკაპეთ „ხიდის მოსინჯვა“.
Tor-ბრაუზერი გაგიძღვებათ გარკვეული სახის პარამეტრების გასამართად.
კავშირის მეგზური გაცნობებთ ინტერნეტთან და Tor-ქსელთან შეერთების მდგრადობის შესახებ.
პირველი მოსანიშნია „სწრაფგაშვება“. როცა მონიშნულია, ყოველი გახსნისას Tor-ბრაუზერი თავადვე შეეცდება დაკავშირებას, ქსელის უკვე მითითებული პარამეტრებით.
თუ იცით, რომ ცენზურის ქვეშ იმყოფებით ან სცადეთ დაკავშირება Tor-ქსელთან და ვერ მოხერხდა, ამასთან ვერც სხვა გადაწყვეტებმა უშველა, შეგიძლიათ სცადოთ მისაერთებელი გადამყვანების გამართვა Tor-ბრაუზერში. „ხიდებთან“ გამოჩნდება გვერდის ავლის არე, საიდანაც შეძლებთ გამართოთ მისაერთებელი გადამყვანები ან დაუკავშირდეთ ხიდებით.
თუ თქვენი კავშირი პროქსის იყენებს, მის გასამართად გახსენით „პარამეტრები...“ და შემდეგ „მიუთითეთ, თუ როგორ დაუკავშირდეს Tor-ბრაუზერი ინტერნეტს“. ჩვეულებრივ, არაა საჭირო რამის შეცვლა. წესით, ისედაც გეცოდინებათ, თუ რომელიმე უჯრის მონიშვნაა საჭირო, რადგან იმავე პარამეტრების მითითება, სხვა ბრაუზერებზეც დაგჭირდებოდათ. თუ შესაძლებელია, გაესაუბრეთ თქვენი ქსელის ზედამხედველს, დამატებითი მითითებებისთვის. თუ თქვენი ქსელი არ იყენებს პროქსის, დაწკაპეთ „დაკავშირება“.
ბრაუზერის ამოცნობა მონაცემების მუდმივ აღრიცხვას გულისხმობს ბრაუზერის შესახებ, რომ მარჯვედ მოხერხდეს ვინაობის ან მახასიათებლების დადგენა. ბრაუზერის ყოველი პარამეტრი და შესაძლებლობა წარმოქმნის „ამოსაცნობ ანაბეჭდს“. ბრაუზერების უმეტესობა თავისდაუნებურად ქმნის სხვებისგან გამოსარჩევ ანაბეჭდს თითოეული მომხმარებლისთვის, რის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება თვალის მიდევნება ინტერნეტში. ბრაუზერის ამოცნობის სიღრმისეულად გასაცნობად იხილეთ სტატიები Tor-სვეტზე: ბრაუზერის ამოცნობა: შესავალი და მომავალი გამოწვევები, აგრეთვე Tor-ბრაუზერი: საწინდარი გვერდების პირადი თვალიერებისთვის სიახლეების დასანერგად.
ჯერ ერთი, არავინ ითხოვს ნებართვას მომხმარებლის შესახებ მონაცემების შეგროვებისას. ბრაუზერში გაშვებულ ნებისმიერ კოდს შეუძლია შეუმჩნევლად ააგოს მოწყობილობის ამოცნობის მახასიათებლები ისე, რომ მომხმარებელს წარმოდგენაც არ ექნება ამის შესახებ.
ამასთანავე, თუ ბრაუზერის ანაბეჭდი რომელიმე მახასიათებლით ან რამდენიმე მახასიათებლის ერთობლიობით სხვებისგან გამოირჩევა, ადვილად შეიძლება მისი ამოცნობა და თვალის დევნება ინტერნეტში. ეს ნიშნავს, რომ ფუნთუშების გამოუყენებლადაც შეიძლება მოწყობილობის მიდევნება ანაბეჭდის მეშვეობით.
Tor-ბრაუზერი ისეა მომართული, რომ რაც შეიძლება მეტად შეამციროს სხვადასხვა მახასიათებლის გაზომვით თითოეული მომხმარებლის გამორჩევის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია სრულიად დავამსგავსოთ Tor-ბრაუზერის ყველა მომხმარებელი ერთმანეთს, მიზანია, რაც შეიძლება მეტად შევამციროთ სხვაობა „კალათებს“ შორის თითოეული მახასიათებლით. ამგვარი მიდგომა აძნელებს ცალკეული მომხმარებლისთვის თვალის მიდევნებას შედეგიანად.
ზოგიერთი მახასიათებელი, მათ შორის სისტემა და ენა, აუცილებელია საქმიანობისთვის და სრულად ვერ დაიფარება ან შეინიღბება. სამაგიეროდ, Tor-ბრაუზერი ზღუდავს ამ მახასიათებლების მრავალგვარობას და ამცირებს გარჩევის შესაძლებლობას. მაგალითად, ამცირებს შრიფტების ნუსხასა და დაჰყავს გარკვეული ოდენობის ასონიშნებამდე, უზრუნველყოფს ეკრანისა და ფანჯრის ზომების ერთგვაროვნებას მოჩარჩოებით, ამასთანავე, ზღუდავს მოთხოვნილი ენების მრავალფეროვნებას წინასწარ განსაზღვრული მცირე ნაკრებით.
მთავარი მიზანი ამოცნობის აღსაკვეთი დაცვისა Tor-ბრაუზერში ისაა, რომ საგრძნობლად გააძნელოს მომხმარებლის სხვებისგან გამოსარჩევი მონაცემების შეგროვება, რაც თავისმხრივ აუმჯობესებს პირადულობას საჭირო შესაძლებლობების დათმობის გარეშე.
ეკრანის ზომებით ამოცნობის ასარიდებლად Tor-ბრაუზერის ფანჯრის საწყის ზომა მრგვალდება 200px x 100px რიცხვების ჯერადებამდე. მთავარი გეგმაა, რომ მომხმარებლები მოვაქციოთ საერთო კალათში, ცალკეული მათგანის გამორჩევა რომ გაძნელდეს. ეს ყველაფერი მუშაობს მანამ, მომხმარებელი შეცვლის ფანჯრის ზომებს (მაგ. გაშლის სრულ ეკრანზე). Tor-ბრაუზერს ამგვარი შემთხვევებისთვისაც გააჩნია ამოცნობისგან დაცვის საშუალება, სახელწოდებით მოჩარჩოება, ერთგვარი ხრიკი, რომლის შემმუშავებელიცაა Mozilla და პირველად 2019 წელს იყო წარმოდგენილი. იგი ამატებს დაშორებებს ბრაუზერის ფანჯრის შიგნით, რომ რაც შეიძლება მეტად მიაახლოვოს სასურველ ზომებს და მომხმარებლები ერთგვაროვან ჯგუფად აქციოს, რაც გააძნელებს რომელიმე მათგანის სხვებისგან გამორჩევას ეკრანის სიგრძე-სიგანის მეშვეობით.
სხვა სიტყვებით, ეს ხერხი ქმნის მომხმარებელთა ჯგუფებს ეკრანის საერთო ზომებით, რაც აძნელებს თითოეული მათგანის დანარჩენებისგან გამორჩევას ეკრანის მეშვეობით, ვინაიდან უმეტესობას მსგავსი ზომები ექნება.
გარდა მოჩარჩოებისა, Tor-ბრაუზერი აღჭურვილია სხვა მრავალი შესაძლებლობითაც ბრაუზერის ამოცნობის აღსაკვეთად და მომხმარებლის პირადულობის უზრუნველსაყოფად. მათ შორისაა, HTML5-გამოსახვით შედგენილი სურათის მოპოვების აღკვეთა, NoScript-ხელსაწყოს ჩაშენება, მომხმარებლის შენიღბულად წარმოჩენა და მონახულებული გვერდის სხვებისგან განცალკევება. სრული ჩამონათვალის გასაცნობად, იხილეთ Tor-ბრაუზერის შემუშავებისა და ჩამოყალიბების მასალები.
ზოგჯერ პირდაპირი წვდომა Tor-ქსელთან იზღუდება თქვენი ინტერნეტის მომწოდებლის ან მთავრობის მიერ. Tor-ბრაუზერს გააჩნია ამ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის გარკვეული საშუალებები. მათ ეწოდება „მისაერთებელი გადამყვანები“.
ამჟამად ოთხი სახის მისაერთებელი გადამყვანია ხელმისაწვდომი, მაგრამ სხვებიც მუშავდება.
obfs4 | obfs4 აძლევს Tor-ით მიმოცვლილ მონაცემებს შემთხვევით სახეს და ამასთან არ აღკვეთს ცენზორების მხრიდან გადამცემი ხიდების მოძიების შესაძლებლობას ინტერნეტსკანერით. obfs4 გადამცემი ხიდის აღმოჩენა და შეზღუდვა ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე მისი წინამორბედის, obfs3-გადამცემის. |
meek | meek-გადამყვანები გადაცემულ მონაცემებს აძლევს ისეთ სახეს, თითქოს Tor-ქსელით სარგებლობის ნაცვლად, ცნობილ საიტებს ათვალიერებთ. meek-azure წარმოაჩენს ისე, თითქოს Microsoft-ის ვებმომსახურებებს უკავშირდებით. |
Snowflake | Snowflake კავშირებს ამისამართებს მოხალისეთა მიერ უზრუნველყოფილი შუამავალი პროქსებით, შედეგად კი ისე ჩანს, თითქოს ვიდეოზარით ურეკავთ ვინმეს, ნაცვლად Tor-ით სარგებლობისა. |
WebTunnel | WebTunnel ნიღბავს თქვენს კავშირს Tor-თან, წარმოაჩენს ისე, თითქოს ვებსაიტს უკავშირდებოდეთ HTTPS-არხით. |
მისაერთებელი გადამყვანით სარგებლობისთვის დაწკაპეთ „კავშირის გამართვას“ Tor-ბრაუზერის პირველი გაშვებისას. „ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „ამორჩევა Tor-ბრაუზერის ჩაშენებული ხიდებიდან“ და დაწკაპეთ „ჩაშენებული ხიდის მითითება“. მენიუდან მიუთითეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი გამოსაყენებლად.
საჭირო მისაერთებელი გადამყვანის მითითების შემდგომ აუყევით ზემოთ და დაწკაპეთ „დაკავშირება“ პარამეტრების შესანახად.
ანდაც, თუ Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარ მენიუში (≡), ხოლო შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით ზოლზე. „ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „ამორჩევა Tor-ბრაუზერის ჩაშენებული ხიდებიდან“ და დაწკაპეთ „ჩაშენებული ხიდის მითითება“. აირჩიეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი მოცემული მენიუდან და დაწკაპეთ „კარგი“. თქვენი პარამეტრები ავტომატურად შეინახება ჩანართის დახურვისას.
Tor-ის ხიდების მენიუში მოცემული თითოეული გადამყვანი, სხვადასხვაგვარად მუშაობს და მათი შედეგიანობა დამოკიდებულია გვერდის ავლის თავისებურებებზე.
თუ პირველად ცდილობთ შეზღუდული ქსელისთვის გვერდის ავლას, ჯობია მოსინჯოთ სხვადასხვა სახის გადამყვანები: obfs4, snowflake ან meek-azure.
თუ ცდით ყველა მათგანს და ვერცერთი ვერ დაგაკავშირებთ ინტერნეტთან, დაგჭირდებათ გადამცემი ხიდების მოთხოვნა ან მათი მისამართების ხელით მითითება.
მომხმარებლებმა ჩინეთიდან სასურველია, გამოიყენონ დაფარული და აღუნუსხავი obfs4-ხიდები.
მისწერეთ ჩვენს Telegram-ბოტს @GetBridgesBot და აკრიფეთ /bridges
.
ან გამოგზავნეთ წერილი ელფოსტაზე frontdesk@torproject.org და თემის დასახელებაში ჩაუწერეთ „private bridge cn“.
თუ უკავშირდებით სხვა ქვეყნიდან, არ დაგავიწყდეთ თქვენი ქვეყნის ან ქვეყნის კოდის მითითება წერილის თემაში ელფოსტაზე.
წაიკითხეთ ხიდების შესახებ განყოფილება და შეიტყვეთ, თუ რას წარმოადგენს ხიდები და როგორ ხდება მათი მოპოვება.
მისაერთებელი გადამყვანების დიდი ნაწილი, მათ შორის obfs4, ეფუძნება „ხიდურ“ გადამცემებს. Tor-ის ჩვეულებრივი გადამცემების მსგავსად, ხიდებიც გაშვებულია მოხალისეების მიერ; თუმცაღა, განსხვავებით რიგითი გადამცემებისა, ისინი არაა საჯაროდ გამოქვეყნებული, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ვერ შეძლებს მათ ადვილად აღმოჩენას.
ხიდების გამოყენება მისაერთებელ გადამყვანებთან ერთად გამოსადეგია Tor-ით სარგებლობის შესანიღბად, თუმცა შესაძლოა შეანელოს კავშირი ჩვეულებრივ Tor-გადამცემებთან შედარებით.
სხვა მისაერთებელი გადამყვანები, როგორებიცაა meek და Snowflake, იყენებს ცენზურის ასარიდებელ განსხვავებულ საშუალებებს, რომლებიც არ საჭიროებს ხიდის მოძიებას. თქვენ არ დაგჭირდებათ ხიდების მისამართების მოპოვება მათ გამოსაყენებლად.
ვინაიდან გადამცემი ხიდები არაა საჯაროდ ხელმისაწვდომი, დაგჭირდებათ მათი მოთხოვნა. გაქვთ რამდენიმე არჩევანი:
თუ პირველად უშვებთ Tor-ბრაუზერს, დაწკაპეთ „კავშირის გამართვა“ Tor-პარამეტრების ფანჯრის გასახსნელად. „ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „სხვა ხიდების მოძიება“ და შემდეგ დაწკაპეთ „ხიდების მოთხოვნა“, შედეგად კი Tor-პროექტი მოგაწვდით რომელიმე მათგანს. გაიარეთ Captcha-შემოწმება და დაწკაპეთ „გაგზავნა“. დაწკაპეთ „დაკავშირება“ პარამეტრების შესანახად.
ანდაც, თუ Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარ მენიუში (≡), ხოლო შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით ზოლზე. „ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „სხვა ხიდების მოძიება“ და შემდეგ დაწკაპეთ „ხიდების მოთხოვნა“, შედეგად კი Tor-პროექტი მოგაწვდით რომელიმე მათგანს. გაიარეთ Captcha-შემოწმება და დაწკაპეთ „გაგზავნა“. თქვენი პარამეტრები ავტომატურად შეინახება ჩანართის დახურვისთანავე.
იხილეთ გადამცემი ხიდების ვებსაიტი. მხოლოდ დაწკაპეთ 'Just give me bridges!' და აიღეთ ხიდის მონაცემების ასლი. დამატებითი საშუალების გამოყენებისთვის სახეობად მიუთითეთ მისაერთებელი გადამყვანი და მოწოდებული ხიდები იქნება მხოლოდ IPv6-მისამართით.
ელფოსტის bridges@torproject.org მისამართზე გამოსაგზავნად გამოიყენეთ Gmail ან Riseup და აიღეთ მიღებული ხიდების ასლი.
გაუგზავნეთ წერილი @GetBridgesBot-ს Telegram-ზე.
შეხებით გამოიყენეთ 'Start' ან აკრიფეთ /start
ან /bridges
მიმოწერის არეში.
აიღეთ ხიდის მისამართების ასლი.
თუ პირველად უშვებთ Tor-ბრაუზერს, დაწკაპეთ „კავშირის გამართვა“ Tor-პარამეტრების ფანჯრის გასახსნელად. „ხიდის“ არეში „ნაცნობი ხიდების შეყვანისას“ დაწკაპეთ „ახალი ხიდის დამატება“ და შეიყვანეთ თითოეული ხიდის მისამართი ცალკე ხაზზე. დაწკაპეთ „დაკავშირება“ პარამეტრების შესანახად.
ანდაც, თუ Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარ მენიუში (≡), ხოლო შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით ზოლზე. „ხიდის“ არეში „ნაცნობი ხიდების შეყვანისას“ დაწკაპეთ „ახალი ხიდის დამატება“ და შეიყვანეთ თითოეული ხიდის მისამართი ცალკე ხაზზე. თქვენი პარამეტრები ავტომატურად შეინახება ჩანართის დახურვისას.
შეეხეთ „პარამეტრებს“ (⚙️) და შემდეგ ჩაუყევით, რომ იხილოთ „კავშირის“ განყოფილება პარამეტრებში. შეეხეთ „ხიდის გამართვას“. გადართეთ „ხიდის გამოყენება“ და აირჩიეთ „ნაცნობი ხიდის მითითება“. შეიყვანეთ ხიდის მისამართი.
თუ დაკავშირება ვერ მოხერხდა, მოცემული გადამცემი ხიდები შესაძლოა აღარ იყოს მოქმედი. გთხოვთ, ზემოთ აღნიშნული გზების საშუალებით მოითხოვოთ სხვა ხიდების მისამართები და სცადოთ ხელახლა.
თითოეული ხიდის მისამართი წარმოდგენილია ღიმილაკებით, სახელწოდებით ხიდნიშანი. ხიდნიშნებით შეიძლება გადამოწმება, წარმატებით დაემატა თუ არა სასურველი ხიდი.
ხიდნიშნები ხიდების ამოსაცნობი ადვილად აღსაქმელი საშუალებებია და არ გამოიყენება Tor-ქსელთან კავშირის ხარისხის ან ხიდის მიმდინარე მდგომარეობის აღმნიშვნელად. ღიმილაკების ნიშნები არ გამოდგება შესაყვანად. მომხმარებლებს სრულად მოუწევთ ხიდის მისამართის მითითება მასთან კავშირის დასამყარებლად.
ხიდის მისამართის გაზიარება შესაძლებელია QR-კოდით ან მთლიანი მისამართის ასლის აღებით.
როდესაც ვებსაიტს უკავშირდებით, მხოლოდ მაგ საიტის მმართველი არ აღრიცხავს თქვენს შესვლას. დღესდღეობით, საიტების უმეტესობა იყენებს სხვა საიტების მომსახურებებს, მათ შორის სოციალური ქსელების „მოწონების“ ღილაკებს, სტატისტიკის აღმრიცხველებსა და დარეკლამების საშუალებებს, რომელთაგან თითოეულს შეუძლია სხვადასხვა საიტზე თქვენს მოქმედებებს შორის კავშირის დადგენა და ერთიანად აღრიცხვა.
Tor-ქსელის გამოყენება თვალყურისმდევნებლებს არ აძლევს თქვენი მდებარეობისა და IP-მისამართის ხილვის საშუალებას, მაგრამ ამ მონაცემების გარეშეც შესაძლებელია თქვენს გარკვეულ მოქმედებებს შორის კავშირის დადგენა. ამიტომ, Tor-ბრაუზერი შეიცავს დამატებით საშუალებებსაც, რომლებითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ რა ინფორმაცია შეიძლება იყოს დაკავშირებული თქვენს ვინაობასთან.
Tor-ბრაუზერი უზრუნველყოფს თქვენი მოქმედებების მისამართების ველში მოცემული საიტის ირგლივ თავმოყრას, მაშინაც კი, თუ ორ სხვადასხვა საიტს უკავშირდებით, რომლებზეც გამოყენებულია აღრიცხვის ერთი და იგივე მომსახურებები. Tor-ბრაუზერი თითოეულის შიგთავსს ხსნის ორი განსხვავებული Tor-წრედით, შედეგად ვერცერთი აღმრიცხავი ვერ შეიტყობს, რომ ორივე კავშირი ერთი და იმავე კომპიუტერიდანაა.
მეორე მხრივ, ერთი და იმავე საიტის მისამართიდან ყველა კავშირი ერთი Tor-წრედით მოდის, რაც ნიშნავს, რომ ცალკეულ საიტზე, რამდენიმე სხვადასხვა გვერდი ჩვეულებრივ შეგიძლიათ გახსნათ სხვადასხვა ჩანართსა თუ ფანჯარაში, მონაცემების დაკარგვის გარეშე.
წრედის სქემა, რომელსაც Tor-ბრაუზერი იყენებს, შეგიძლიათ იხილოთ მისამართების ველში საიტის მონაცემების მენიუში.
წრედში მცველი ანუ შემავალი წერტილი წარმოადგენს პირველ კვანძს, რომელსაც ავტომატურად და შემთხვევითობით ირჩევს Tor. მაგრამ იგი განსხვავებულია წრედის დანარჩენი კვანძებისგან. დახასიათების საფუძველზე შეტევების ასარიდებლად მცველი კვანძი იცვლება მხოლოდ 2-3 თვეში ერთხელ, დანარჩენი კვანძები კი – ყოველი ახალი მისამართისთვის. ვრცლად მცველი გადამცემების შესახებ იხილეთ ᲮᲓᲙ და მხარდაჭერის გვერდი.
მიუხედავად იმისა, რომ Tor-ბრაუზერი განკუთვნილია მომხმარებლის ვინაობის სრულად დასაფარად ინტერნეტში, ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა Tor-ის გამოყენება გამოსადეგია საიტებზე, რომლებიც ანგარიშზე შესასვლელად საჭიროებს მომხმარებლის სახელს, პაროლს ან სხვა მონაცემებს.
თუ საიტის ანგარიშზე ჩვეულებრივი ბრაუზერით შეხვალთ, თქვენ ასევე გასცემთ თქვენს IP-მისამართსა და ადგილმდებარეობას. იგივე ეხება ელფოსტის გაგზავნასაც. ხოლო, თუ სოციალურ ქსელსა და ელფოსტაზე Tor-ბრაუზერით შეხვალთ, თქვენ შეგეძლებათ ზუსტად განსაზღვროთ, რა მონაცემების გამხელა გსურთ ამ ვებსაიტებისთვის. Tor-ბრაუზერის გამოყენება ანგარიშებზე შესასვლელად, აგრეთვე გამოსადეგია მაშინ, როცა საიტთან კავშირი ან ქსელი შეზღუდულია და ცენზურის ქვეშაა.
საიტზე Tor-ით შესვლისას, რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინოთ:
Tor-ბრაუზერის შესაძლებლობები „ახალი ვინაობა“ და „ახალი Tor-წრედი ამ საიტისთვის“. ასევე განთავსებულია მთავარ მენიუში (≡).
ეს პარამეტრი გამოსადეგია, თუ გსურთ, რომ თქვენი მომდევნო მოქმედებები ვებგვერდებზე, არ იყოს დაკავშირებული წინა მოქმედებებთან. შედეგად, ყველა გახსნილი ჩანართი და ფანჯარა დაიხურება, გასუფთავდება პირადი მონაცემები, როგორიცაა ფუნთუშები და ისტორია, შემდეგ კი ახალი კავშირებისთვის, ახალი Tor-წრედები შეიქმნება. Tor-ბრაუზერი გაგაფრთხილებთ, რომ ყველა თქვენი მოქმედება და ჩამოტვირთვა შეწყდება, ასე რომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, სანამ გამოიყენებთ „ახალ ვინაობას“.
ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად, უბრალოდ უნდა დაწკაპოთ „ახალი ვინაობა“ Tor-ბრაუზერის ხელსაწყოთა ზოლზე.
ეს პარამეტრი გამოსადეგია მაშინ, როცა არსებული გამსვლელი წერტილით ვერ ხერხდება საჭირო საიტთან დაკავშირება ან მისი სათანადოდ ჩატვირთვა. შედეგად, მოქმედი ჩანართი ან ფანჯარა ხელახლა ჩაიტვირთება ახალი Tor-წრედით. დანარჩენი ჩანართები და ფანჯრები, რომლებშიც იმავე საიტის სხვა გვერდებია გახსნილი, აგრეთვე ახალ წრედს გამოიყენებს, ხელახლა ჩატვირთვის შემდეგ. ამ შემთხვევაში, პირადი მონაცემები არ წაიშლება და არც თქვენი მოქმედებების განცალკევება არ მოხდება, ასევე ეს ყველაფერი არ იმოქმედებს თქვენს კავშირზე სხვა საიტებთან.
ამ პარამეტრთან წვდომა აგრეთვე შეგიძლიათ ახალი წრედის არეში, მისამართების ველში მდებარე საიტის მონაცემების მენიუდან.
Onion-მომსახურებები (წინათ ცნობილი, როგორც DarkNet ანუ „ჩრდილოვანი ქსელი“) წარმოადგენს მომსახურებებს მსგავსად საიტებისა, რომლებიც მხოლოდ Tor-ქსელის საშუალებითაა ხელმისაწვდომი.
Onion-მომსახურებებს გააჩნია გარკვეული უპირატესობები, ჩვეულებრივ, დაუცველ ქსელთან შედარებით:
ჩვეულებრივი ვებსაიტების მსგავსად, გესაჭიროებათ Onion-მომსახურების ზუსტი მისამართის ცოდნა მასთან დასაკავშირებლად. Onion-მისამართი, როგორც წესი, შედგება 56 ასობგერისა და ციფრისგან დაბოლოებით „.onion“.
როდესაც უკავშირდებით ვებსაიტს, რომელიც onion-მომსახურებას იყენებს, Tor-ბრაუზერი გაჩვენებთ მისამართების ველში ხახვის ხატულას, კავშირის მდგომარეობის აღსანიშნავად: უსაფრთხოა და იყენებს onion-მომსახურებას. ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ Onion-მომსახურებას ხახვის ნიშანზე შეხებით წრედის გამოსახულების გვერდით მისამართების ველში.
კიდევ ერთი საშუალება Onion-საიტზე ინფორმაციის მისაღებად, თუ საიტის მფლობელს აქვს დანერგილი, არის Onion-მდებარეობა. Onion-მდებარეობა არის განსხვავებული სახის HTTP-თავსართი, რომლითაც საიტებს შეუძლია თავიანთი onion-ასლის ხალხისთვის შეთავაზება. თუ ვებსაიტს, რომელსაც სტუმრობთ, გააჩნია Onion-საიტიც, იისფერი შემოთავაზება გამოჩნდება მისამართების ველში ტექსტით „.onion ხელმისაწვდომია“. როცა დაწკაპებთ „.onion ხელმისაწვდომიას“, ვებსაიტი ახლიდან ჩაიტვირთება უკვე onion-მისამართიდან.
დამოწმებული onion-მომსახურება ისეთი მომსახურებაა, რომელიც საჭიროებს კლიენტის მხრიდან დასამოწმებელი საბუთის წარმოდგენას, მომსახურებასთან წვდომის მისაღებად. როგორც Tor-მომხმარებელმა, შეგიძლიათ დაამოწმოთ ვინაობა პირდაპირ Tor-ბრაუზერში. მომსახურებასთან კავშირისთვის, დაგჭირდებათ მონაცემები, რომლებსაც Onion-მომსახურება მომსახურება მოგაწვდით. როდესაც ეწვევით დამოწმებულ onion-მომსახურებას, Tor-ბრაუზერი მისამართების ველში გამოაჩენს პატარა რუხ გასაღებს, თანდართული წარწერით. შეიყვანეთ სათანადო საიდუმლო გასაღები, შესატან ველში.
თუ ვერ უკავშირდებით Onion-საიტს, Tor-ბრაუზერი მოგაწვდით შეცდომის შესაბამის შეტყობინებას, თუ რატომაა საიტი მიუწვდომელი. შეცდომები სხვადასხვა შრეზე შეიძლება წარმოიშვას: კლიენტის მხარეს, ქსელში ან მომსახურების მხარეს. ზოგიერთი შეცდომა შეიძლება გამოსწორდეს ხარვეზების აღმოფხვრის არედან. ცხრილში ქვემოთ ნაჩვენებია ყველა შესაძლო შეცდომა და მოქმედება, რომელიც გამოსადეგია ხარვეზის გამოსასწორებლად.
კოდი | შეცდომის დასახელება | მოკლე აღწერა |
---|---|---|
0xF0 | Onion-საიტი ვერ მოიძებნა | უმეტესად შედეგია იმისა, რომ საიტი არაა ხაზზე. მიმართეთ Onion-საიტის ხელმძღვანელობას. |
0xF1 | Onion-საიტი არაა ხელმისაწვდომი | Onion-საიტი მიუწვდომელია შიდა შეცდომის გამო. |
0xF2 | Onion-საიტი გათიშულია | უმეტესად შედეგია იმისა, რომ Onion-საიტი არაა ხაზზე. მიმართეთ Onion-საიტის ხელმძღვანელობას. |
0xF3 | ვერ უკავშირდება Onion-საიტს | Onion-საიტზე შეფერხებაა ან Tor-ქსელია გადატვირთული. კვლავ სცადეთ მოგვიანებით. |
0xF4 | Onion-საიტი საჭიროებს შესვლის დამოწმებას | Onion-საიტთან წვდომისთვის საჭიროა გასაღები, რომელიც არ მითითებულა. |
0xF5 | Onion-საიტზე დამოწმება ვერ მოხერხდა | მითითებული გასაღები არასწორი ან გაუქმებულია. მიმართეთ Onion-საიტის ხელმძღვანელობას. |
0xF6 | Onion-საიტის არამართებული მისამართი | მოცემული Onion-საიტის მისამართი არასწორია. გთხოვთ, გადაამოწმოთ შეყვანამდე. |
0xF7 | Onion-საიტის წრედის შექმნის დრო ამოიწურა | ვერ მოხერხდა Onion-საიტთან მიერთება, შესაძლოა სუსტი კავშირის გამო. |
თუ საჭირო Onion-მომსახურებასთან წვდომას ვერ ახერხებთ, დარწმუნდით რომ მისამართი სწორად შეგყავთ: მცირე შეცდომაც კი არ მისცემს Tor-ბრაუზერს საიტთან წვდომის საშუალებას.
თუ წვდომას ცდილობთ 16 ასონიშნისგან (მოკლედ – V2 სახეობის) შემდგარ Onion-მომსახურებასთან, ამგვარი მისამართები მოძველებულია და აღარ მუშაობს ამჟამინდელ Tor-ქსელში.
ამასთანავე, Onion-მომსახურებებთან წვდომის გადასამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ DuckDuckGo Onion-მისამართით.
თუ მაინც ვერ ახერხებთ დაკავშირებას Onion-მომსახურებასთან მისამართის გადამოწმების შემდეგაც, გთხოვთ სცადოთ ხელახლა მოგვიანებით. შესაძლოა დროებითი შეფერხება იყოს ან საიტის ხელმძღვანელობამ გაუფრთხილებლად გამოთიშა ხაზიდან.
თუ პირადი მონაცემები, როგორიცაა ანგარიშის სახელი და პაროლი, ინტერნეტით დაუშიფრავად გადაიცემა, მარტივად იქნება ხელმისაწვდომი მეთვალყურეებისთვის. საიტის ანგარიშზე შესვლისას, დარწმუნდით რომ ეს საიტი უზრუნველყოფს HTTPS-დაშიფვრას, რომელიც დაგიცავთ ინფორმაციის ამგვარი სახით ხელყოფისგან. ამის გადამოწმება შეგიძლიათ მისამართების ველიდან. თუ თქვენი კავშირი დაშიფრულია, მისამართის თავსართი იქნება „https://“ და არა „http://“.
მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი ყველა საიტს აიძულებს, კავშირისთვის გამოიყენოს უსაფრთხო და დაშიფრული არხი, სახელწოდებით HTTPS. საიტების უმეტესობაზე ისედაც მხარდაჭერილია HTTPS;ზოგზე ორივე გამოიყენება, HTTP და HTTPS. ამ რეჟიმის ჩართვა საწინდარია, რომ საიტთან კავშირი დაიშიფრება HTTPS-ით მეტი უსაფრთხოებისთვის.
ზოგ ვებსაიტზე მხოლოდ HTTP არის მხარდაჭერილი და ვერ გაუმჯობესდება. თუ HTTPS-სახით არაა საიტი ხელმისაწვდომი, იხილავთ გვერდს „უსაფრთხო საიტი მიუწვდომელია“:
თუ დააწკაპებთ „გადასვლა HTTP-საიტზე“, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ და იხილავთ საიტის HTTP-ვერსიას. მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი დროებით გამოირთვება ამ საიტისთვის.
დაწკაპეთ „უკან დაბრუნების“ ღილაკზე, თუ გსურთ, აირიდოთ დაუშიფრავი კავშირები.
Tor-ბრაუზერი გაცნობებთ, თუ კრიპტოვალუტის მისამართის ასლი დაუცველი HTTP-ვებსაიტიდან იქნება აღებული. კრიპტოვალუტის მისამართი შესაძლოა შეცვლილი იყოს და არ იქნება სანდო. „ჩანართის ჩატვირთვა ახალი წრედით“ ეცდება გახსნას უსაფრთხო კავშირით გვერდი ახალი Tor-წრედის მეშვეობით.
თუ გსურთ დაწკაპოთ „აცილება“, საკუთარ თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას და კრიპტოვალუტის მისამართის ასლიც აღებული იქნება.
მოცემულ გამოსახულებაზე ნაჩვენებია, თუ რა ინფორმაციაა ხილული მეთვალყურეებისთვის Tor-ბრაუზერისა და HTTP-დაშიფვრის გამოყენებისას ან მათ გარეშე:
ნაგულისხმევად Tor-ბრაუზერი უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას მიმოცვლილი მონაცემების დაშიფვრით. დამატებით შეგიძლიათ გაზარდოთ უსაფრთხოება ვებგვერდებზე გარკვეული სახის შესაძლებლობების გათიშვით, რომლებიც სახიფათოა თქვენი დაცულობისა და ვინაობის გაუმხელობისთვის. ამის გაკეთება, Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების დონის მომატებითაა შესაძლებელი, დაცვის მენიუში. Tor-ბრაუზერის დაცვის დონის გაზრდით, ზოგიერთი ვებსაიტი გამართულად ვერ იმუშავებს, ასე რომ მოგიწევთ გარკვეული წონასწორობის შერჩევა, უსაფრთხოებასა და გამოყენების მოხერხებულობას შორის.
უსაფრთხოების დონეებთან წვდომისთვის დაწკაპეთ ფარის ნიშანს Tor-ბრაუზერის მისამართების ველის გვერდით. უსაფრთხოების დონეების სანახავად და შესარჩევად დაწკაპეთ ფარის მენიუში ღილაკი „პარამეტრები“.
უსაფრთხოების დონის აწევა Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების პარამეტრებიდან გათიშავს ან ნაწილობრივ შეზღუდავს ბრაუზერის გარკვეულ შესაძლებლობებს შეტევებისგან დაცვის გასაძლიერებლად. ამ პარამეტრების ხელახლა ჩართვა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ უსაფრთხოების დონის შერჩევით.
გაითიშება ვებსაიტის საფრთხისშემცველი შესაძლებლობები, სავარაუდოდ საიტების ნაწილი ვერ იმუშავებს გამართულად.
JavaScript გათიშულია HTTPS-ს არმქონე ყველა საიტზე; შრიფტებისა და მათემატიკური სიმბოლოების ნაწილი გათიშულია; ვიდეოები და ხმოვანი ფაილები (HTML5-სახის) ეშვება დაწკაპებით.
ამ დონეზე დაშვებულია მხოლოდ ის შესაძლებლობები, რომლებსაც საჭიროებს უცვლელი შიგთავსის მქონე საიტები და ძირითადი მომსახურებები. ცვლილებები შეეხება სურათებს, ფაილებსა და სკრიპტებს.
JavaScript ნაგულისხმევად გათიშულია ყველა საიტზე; შრიფტების, მათემატიკური სიმბოლოებისა და სურათების ნაწილი გათიშულია; ვიდეოები და ხმოვანი ფაილები (HTML5-სახის) ეშვება დაწკაპებით.
გვერდების მონახულება Tor-ბრაუზერით უნდა შეგეძლოთ გაშვებიდან მცირე ხანში „დაკავშირების“ ღილაკზე დაწკაპებით, თუ პირველად რთავთ პროგრამას.
კავშირის მეგზური გაცნობებთ ინტერნეტთან და Tor-ქსელთან შეერთების მდგრადობის შესახებ, თუ დააწკაპებთ „შემოწმებას“.
გადაამოწმეთ, ხომ არ აწერია „კავშირგარეშე“. თუ ვერ ახერხებს Tor-ქსელთან მიერთებას და უწერია „არაა დაკავშირებული“, მოცემული ხერხები შეიძლება გამოგადგეთ.
თუ Tor-ბრაუზერი ქსელს ვერ უკავშირდება, შესაძლოა უშველოს მარტივმა გადაწყვეტამ. სცადეთ ქვემოთ მოცემული:
ხშირად, Tor-ის აღრიცხული ჩანაწერებით შეიძლება ხარვეზის მიზეზის დადგენა. თუ ხარვეზია დაკავშირებისას, გამოჩნდება შეცდომის კოდი და შეგეძლებათ მიუთითოთ „Tor-ის აღრიცხვის ჩანაწერების ასლი“. შემდეგ ჩასვით Tor-ის აღრიცხვის ჩანაწერი რამე ტექსტურ ფაილში ან დოკუმენტში.
თუ ვერ ხედავთ ამ პარამეტრს და Tor-ბრაუზერი გაშვებულია, შეგიძლიათ გადახვიდეთ მთავარ მენიუში („≡“), დაწკაპოთ „პარამეტრები“ და შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით ზოლზე. გვერდის ბოლოში, „იხილეთ Tor-ის ჩანაწერები“ წარწერის გვერდით, დაწკაპეთ „ჩანაწერების ნახვა...“.
სანაცვლოდ, GNU/Linux-ზე აღრიცხვის ჩანაწერების პირდაპირ ტერმინალში სანახავად გადადით Tor-ბრაუზერის საქაღალდეში და გაუშვით Tor-ბრაუზერი ბრძანებათა ველში შემდეგი ტექსტის აკრეფით:
./start-tor-browser.desktop --verbose
ან ჩანაწერების შესანახად ფაილში (ნაგულისხმევად: tor-browser.log):
./start-tor-browser.desktop --log [file]
ვრცლად ამის შესახებ იხილავთ მხარდაჭერის გვერდზე.
თუ მაინც ვერ უკავშირდებით, შესაძლოა თქვენი ინტერნეტის მომწოდებელი ზღუდავდეს Tor-ქსელთან კავშირებს. გაეცანით გვერდის ავლის განყოფილებას შესაძლო გადაწყვეტებისთვის.
Tor-ბრაუზერი მუდმივად მუშავდება და ზოგი ხარვეზი უკვე ცნობილია, თუმცა ჯერ არ გასწორებულა. გთხოვთ გადახედოთ გამოვლენილი ხარვეზების გვერდს, რომ გაარკვიოთ, შეცდომა რომელსაც წააწყდით, უკვე აღნუსხულია, თუ ჯერ არა.
Tor-ბრაუზერი მუდმივად განახლებული უნდა იყოს. თუ თქვენ განაგრძობთ მოძველებული ვერსიის გამოყენებას, დაუცველი იქნებით უსაფრთხოების ხვრელების მიმართ, რის შედეგადაც საფრთხე შეექმნება თქვენი პირადი მონაცემების დაცვასა და ვინაობის გაუმხელობას.
Tor-ბრაუზერი ამოგიგდებთ განახლებას, როდესაც ახალი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი: მთავარ მენიუზე (≡) გამოჩნდება მწვანე წრე ზემოთ მიმართული ისრით, ამასთანავე, შეიძლება იხილოთ განახლების მაუწყებელი წარწერა Tor-ბრაუზერის გახსნისას. განახლება შესაძლებელია როგორც ავტომატურად, ასევე ხელით.
როდესაც Tor-ბრაუზერი განახლებას ამოაგდებს, დაწკაპეთ მთავარი მენიუ (≡), შემდეგ კი „განახლება ხელმისაწვდომია – გადატვირთვა ახლავე“.
დაელოდეთ განახლების ჩამოტვირთვასა და დაყენებას, რის შემდეგაც Tor-ბრაუზერი თავადვე გაეშვება ხელახლა. შედეგად, უკვე გექნებათ განახლებული ვერსია.
მას შემდეგ რაც Tor-ბრაუზერის განახლება ამოვარდება, დაასრულეთ მუშაობა და დახურეთ პროგრამა.
ამოშალეთ Tor-ბრაუზერი სისტემიდან მისი საქაღალდის წაშლით (ვრცლად იხილეთ ამოშლა).
ეწვიეთ გვერდს https://www.torproject.org/ka/download/ და ჩამოტვირთეთ Tor-ბრაუზერის უახლესი გამოშვება, შემდეგ კი ჩვეულებრივ დააყენეთ.
JavaScript არის დაპროგრამების ენა, რომელიც საშუალებას იძლევა, ვებსაიტებზე გამოყენებული იყოს ურთიერთქმედი ნაწილები, როგორებიცაა ვიდეოები, მოძრავი სურათები ან ხმოვანი ფაილები და მათი გადახვევის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, JavaScript, სამწუხაროდ აგრეთვე გამოიყენება ბრაუზერის უსაფრთხოებაზე შეტევებისთვის, რაც ვინაობის გამჟღავნების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
Tor-ბრაუზერი შეიცავს დამატებას დასახელებით NoScript. ხელმისაწვდომი იქნება „დამატებებსა და თემებში“, რომელსაც იხილავთ მთავარ მენიუში (≡). მონახეთ NoScript დამატება და დაწკაპეთ, რომ გაიხსნას არე, საიდანაც შეძლებთ სურვილისამებრ გამართვას.
შესაბამის არეში, ხელსაწყოთა ღილაკის გვერდით, აირჩიეთ „გამოჩენა“. შედეგად გამოჩნდება ღილაკი NoScript ბრაუზერის მისამართების ველის მარჯვნივ. ამ ღილაკით შეგიძლიათ მართოთ JavaScript და სხვა სკრიპტები ვებგვერდებზე თითოეულის ცალ-ცალკე გაშვებით ან ყველას სრულად შეზღუდვით.
გვერდების მონახულებისას მაღალი უსაფრთხოების საჭიროების მქონე მომხმარებლებმა Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების დონედ უნდა მიუთითონ „მეტად დაცული“ (რომელიც JavaScript-ს გათიშავს HTTPS-ს არმქონე საიტებზე) ან „სრულიად დაცული“ (რომელიც იმავეს გააკეთებს ყველა ვებსაიტზე). მიუხედავად ამისა, თუ გაითიშება JavaScript, ვებსაიტების უმეტესობა ვერ იმუშავებს გამართულად, ასე რომ Tor-ბრაუზერის ნაგულისხმევი პარამეტრებით ნებადართულია სკრიპტების გაშვება „ჩვეულებრივ“ რეჟიმში.
Tor-ბრაუზერი დაფუძნებულია Firefox-ზე და ნებისმიერი დამატება ან თემა რომელიც თავსებადია Firefox-სთან, ასევე შეიძლება დაყენდეს Tor-ბრაუზერშიც.
მიუხედავად ამისა, Tor-ბრაუზერზე გამოსაყენებლად შემოწმებული დამატებები მხოლოდ ისინია, რომლებიც მოჰყვება ნაგულისხმევად. ნებისმიერი სხვა დამატების დაყენებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს Tor-ბრაუზერის მუშაობას ან საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებასა და პირადი მონაცემების დაცვას. ასე რომ, სხვა დამატებების დაყენება მეტად არასასურველია და Tor-პროექტის მიერ არაა მხარდაჭერილი.
Flash იყო ფაილების სამართავი პროგრამა, რომელიც გამოიყენებოდა საიტებზე ვიდეოებისა თუ სხვა ურთიერთქმედი მასალების საჩვენებლად, თუნდაც თამაშების. ნაგულისხმევად გათიშული იყო Tor-ბრაუზერში, ვინაიდან შეიძლება გამჟღავნებულიყო ნამდვილი მდებარეობა და IP-მისამართი. Tor-ბრაუზერში აღარაა მხარდაჭერილი Flash და ვეღარ ამუშავდება.
Flash-ის შესაძლებლობების დიდი ნაწილი ჩაანაცვლა HTML5-სტანდარტმა, რომლის მუშაობასაც მეტწილად უზრუნველყოფს JavaScript. ვიდეოსაიტები, მათ შორის YouTube და Vimeo, გადასულია HTML5-ზე და აღარ ესაჭიროება Flash.
Tor-ბრაუზერის სისტემიდან ამოშლა მარტივია:
Windows-ზე:
macOS-ზე:
~/Library/Application Support/
საქაღალდეში.~/Library/Application Support/
მოცემულ ფანჯარაში და დაწკაპეთ Go.გაითვალისწინეთ, რომ თუ Tor-ბრაუზერი არ დაგიყენებით ნაგულისხმევ მდებარეობაზე (საქაღალდეში Applications), მაშინ საქაღალდე TorBrowser-Data არ იქნება მისამართზე ~/Library/Application Support/
, არამედ იქნება იმ საქაღალდეში სადაც დაყენებულია Tor-ბრაუზერი.
Linux-ზე:
./start-tor-browser.desktop --unregister-app
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სისტემის „პროგრამების ამოშლის“ ჩვეულებრივი ხელსაწყო არ გამოიყენება.
Tor-ბრაუზერი Android-ზე ერთადერთი ოფიციალური მობილური ბრაუზერია, რომლის მხარდაჭერასა და შემუშავებასაც უზრუნველყოფს Tor-პროექტი. იგი მსგავსია კომპიუტერის Tor-ბრაუზერისა, ოღონდ Android-მოწყობილობებისთვისაა. მთავარი შესაძლებლობები Tor-ბრაუზერისა Android-ზე არის: საიტებზე თვალის დევნების შემცირება, ზედამხედველობისგან დაცვა, ბრაუზერის ამოცნობის არიდება და ცენზურისთვის გვერდის ავლა.
არსებობს Tor-ბრაუზერი Android-ზე და Tor-ბრაუზერი Android-ზე (alpha). რიგითმა მომხმარებლებმა უნდა გადმოწერონ Tor-ბრაუზერი Android-ზე, ვინაიდან იგი მეტად მდგრადია და ნაკლები შეცდომა ახლავს. Tor-ბრაუზერი Android-ზე ხელმისაწვდომია Play Store, F-Droid და Tor-პროექტის საიტზე. სახიფათოა Tor-ბრაუზერის სხვა გარეშე წყაროებიდან ჩამოტვირთვა.
Tor-ბრაუზერი Android-ზე რომ დააყენოთ, შეგიძლიათ ინახულოთ Google Play Store.
Guardian Project გთავაზობთ გადმოწეროთ Tor-ბრაუზერი Android-ზე მათი F-Droid-საცავიდან. თუ გირჩევნიათ პროგრამის სახით დააყენოთ F-Droid-იდან, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
დააყენეთ F-Droid-აპლიკაცია თქვენს Android-მოწყობილობაზე F-Droid-საიტიდან.
F-Droid-ის დაყენების შემდგომ გახსენით აპლიკაცია.
ქვედა მარჯვენა კუთხიდან გახსენით „Settings“.
„My Apps“ არეში გახსენით Repositories.
გადართეთ „Guardian Project Official Releases“ ჩართულზე.
შედეგად, F-Droid ჩამოტვირთავს აპლიკაციების ნაკრებს Guardian Project-ის საცავიდან (შენიშვნა: გარკვეულ ხანს შეიძლება გასტანოს).
შეეხეთ უკუსვლის ღილაკს ზედა მარცხენა კუთხეში.
გახსენით „Latest“ ქვედა მარცხენა კუთხეში.
გახსენით საძიებო გამადიდებელზე შეხებით ქვედა მარჯვენა მხარეს.
მონახეთ „Tor Browser for Android“.
გახსენით მოთხოვნილი შედეგი „The Tor Project-ით“ და დააყენეთ.
Tor-ბრაუზერი Android-ზე ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და დააყენოთ apk ფაილით Tor-პროექტის საიტიდან.
Tor-ბრაუზერის პირველად გაშვებისას იხილავთ ასარჩევს, დაუკავშირდეთ პირდაპირ Tor-ქსელს ან გამართოთ Tor-ბრაუზერი თქვენი ქსელისთვის.
უმეტეს შემთხვევაში „დაკავშირებაზე“ დაჭერა საკმარისია Tor-ქსელთან მისაერთებლად დამატებითი გამართვის გარეშე. შეხებისას გამოჩნდება მდგომარეობის ზოლი, რომელიც მიუთითებს Tor-კავშირის მიმდინარეობას. თუ მიერთება სწრაფი გაქვთ, მაგრამ მიმდინარეობის ზოლი გაიჭედა, შეიძლება Tor-ბრაუზერის გამართვაა საჭირო.
თუ იცით, რომ თქვენი კავშირი ცენზურის ქვეშაა, მაშინ უმჯობესია დაწკაპოთ „კავშირის გამართვა“. გადადით „კავშირის“ არეზე პარამეტრებში. თუ იცით რომ ცენზურის ქვეშ ხართ ან სცადეთ დაკავშირება Tor-ქსელთან და ვერ მოხერხდა, ამასთან ვერც სხვა გადაწყვეტებმა უშველა, შეეხეთ „ხიდის გამართვას“. გადაგიყვანთ „ხიდის გამართვის“ ეკრანზე მისაერთებელი გადამყვანის გასაწყობად.
გადამცემი ხიდები წარმოადგენს Tor-გადამცემებს, რომლებიც არაა აღნუსხული საჯაროდ Tor-სიაში. გადამცემი ხიდები გამოსადეგია Tor-ის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სახელისუფლებო ან ზემდგომთა ზეწოლის ქვეშ და ესაჭიროებათ დამატებითი დაცვა, რადგან ფიქრობენ რომ შესაძლოა ამოიცნონ, Tor-გადამცემის საჯაროდ ცნობილ IP-მისამართთან დაკავშირებისას.
მისაერთებელი გადამყვანით სარგებლობისთვის შეეხეთ „კავშირის გამართვას“ Tor-ბრაუზერის პირველი გაშვებისას. გადადით „კავშირის“ არეზე პარამეტრებში და შეეხეთ „ხიდის გამართვას“ მის მისათითებლად. მომდევნო ეკრანზე იქნება ასარჩევი, მოყოლილი ხიდი გამოიყენოთ თუ მითითებული. გადართეთ პარამეტრი „მიუთითეთ ხიდი“, რომელსაც სამი არჩევანი ექნება: „obfs4“, „meek-azure“ და „snowflake“.
თუ აირჩევთ „ნაცნობი ხიდის მითითებას“, შემდეგ უნდა შეიყვანოთ ხიდის მისამართი.
მოქმედი ჩანართის ახლიდან ჩასატვირთად სხვა Tor-წრედით, შეეხეთ „ახალ წრედს“ მენიუდან. ამას ზეგავლენა არ ექნება სხვა ჩანართის კავშირებზე, არ გაასუფთავებს პირად მონაცემებს და არ გამიჯნავს თქვენს მოქმედებებს.
უსაფრთხოების დონეები გათიშავს ვებგვერდებზე გარკვეული სახის შესაძლებლობებს, რომლებიც სახიფათოა თქვენი დაცულობისა და ვინაობის გაუმხელობისთვის. Tor-ბრაუზერი Android-ზეც გთავაზობთ უსაფრთხოების სამ დონეს, როგორც კომპიუტერზე. შეგიძლიათ შეცვალოთ უსაფრთხოების დონე შემდეგი ნაბიჯებით:
Tor-ბრაუზერი მუდმივად განახლებული უნდა იყოს. თუ განაგრძობთ მოძველებული ვერსიის გამოყენებას, დაუცველი დარჩებით უსაფრთხოების ხვრელების მიმართ, რის შედეგადაც საფრთხე შეექმნება თქვენი პირადი მონაცემების ხელშეუხებლობასა და ვინაობის გაუმხელობას. შეგიძლიათ Tor-ბრაუზერი განაახლოთ ავტომატურად ან ხელით.
აქ იგულისხმება, რომ გაქვთ ან Google Play ან F-Droid დაყენებული თქვენს მობილურ მოწყობილობაზე.
შეეხეთ „Settings“, შემდეგ „Manage installed apps“. მომდევნო ეკრანზე, აირჩიეთ Tor-ბრაუზერი და ბოლოს შეეხეთ „Update“.
ეწვიეთ Tor-პროექტის საიტს და ჩამოტვირთეთ Tor-ბრაუზერის ბოლო გამოშვება, შემდეგ კი დააყენეთ ჩვეულებრისამებრ. უმეტესად, უახელის ვერსიის Tor-ბრაუზერი გადაეწერება წინა ვერსიას, ამრიგად ბრაუზერი განახლდება. თუ განახლება ვერ მოხერხდება, უნდა ამოშალოთ წინა Tor-ბრაუზერი ახლის დაყენებამდე. დახურეთ Tor-ბრაუზერი და მოაცილეთ სისტემას თქვენი მოწყობილობის პარამეტრებიდან. დამოკიდებულია თქვენი მობილურის გამომშვებზე, უმეტესად კი Settings > Apps გვერდზე, აირჩევთ Tor-ბრაუზერს და შეეხებით „Uninstall“. შემდგომ, ჩამოტვირთავთ უახლესი გამოშვების Tor-ბრაუზერს და დააყენებთ.
Tor-ბრაუზერის Android-იდან ამოსაშლელად შეგიძლიათ პირდაპირ გამოიყენოთ F-Droid, Google Play ან მოწყობილობის აპლიკაციების პარამეტრები.
შეეხეთ „Settings“, შემდეგ „Manage installed apps“. მომდევნო ეკრანზე აირჩიეთ Tor-ბრაუზერი და ბოლოს შეეხეთ „Uninstall“.
დამოკიდებულია თქვენი მობილურის გამომშვებზე, უმეტესად კი Settings > Apps გვერდზე, აირჩევთ Tor-ბრაუზერს და შეეხებით „Uninstall“.
Tor-ის ჩანაწერების სანახავად:
Tor-ის აღირცხვების ასლის ასაღებად, დააჭირეთ „ასლის“ ღილაკს ეკრანის ქვედა არეში.
ზოგიერთი გავრცელებული ხარვეზის მოგვარების შესახებ იხილეთ მხარდაჭერის გვერდი.
ამ დროისთვის, არის გარკვეული ნაწილი შესაძლებლობების, რომელიც მიუწვდომელია Tor-ბრაუზერში Android-ზე, მაგრამ ხელმისაწვდომია Tor-ბრაუზერში კომპიუტერზე.
Orfox პირველად გამოვიდა 2015 წელს, რომელსაც უზრუნველყოფს Guardian Project, Android-მომხმარებლებისთვის Tor-ით სარგებლობის შესაძლებლობის მისაცემად. მომდევნო სამ წელიწადში, Orfox მუდმივად ვითარდებოდა და გახდა გავრცელებული საშუალება, ინტერნეტის მოსანახულებლად პირადულობის დაცვით, ჩვეულებრივ ბრაუზერებთან შედარებით, ამასთან Orfox იყო გადამწყვეტი იმ ხალხისთვის, ვისაც ესაჭიროებოდა ცენზურისთვის გვერდის ავლა, აკრძალულ საიტებთან ან მასალებთან წვდომისთვის. 2019 წელს, Orfox დაიხურა, მას შემდეგ რაც გამოვიდა ოფიციალური Tor-ბრაუზერი.
Orbot არის უფასო პროქსი, რომელიც სხვა პროგრამებს აძლევს Tor-ქსელის გამოყენების საშუალებას. Orbot იყენებს Tor-ს ინტერნეტკავშირის დასაშიფრად. მისი მეშვეობით, შეგიძლიათ მობილურში დაყენებული სხვა პროგრამებით, თავი აარიდოთ ცენზურას ან თავი დაიცვათ მიყურადებისგან. Orbot რომ ჩამოტვირთოთ და დააყენოთ, შეგიძლიათ ინახულოთ Google Play. იხილეთ ჩვენი მხარდაჭერის გვერდი, რომ გაარკვიოთ, Tor-ბრაუზერი Android-ზე და Orbot ორივე გჭირდებათ, თუ მხოლოდ რომელიმე მათგანი.
არაა ხელმისაწვდომი Tor-ბრაუზერი iOS-ზე. ჩვენ გირჩევთ iOS-პროგრამას სახელწოდებით Onion Browser, რომელიც ღია წყაროსია, იყენებს Tor-კავშირს და შემუშავებულია იმ ხალხის მიერ, რომელთა საქმიანობაც მეტად ახლოსაა Tor-პროექტთან. მიუხედავად ამისა, ვინაიდან Apple მოითხოვს, რომ iOS-ზე არსებული ბრაუზერებში აუცილებლად გამოიყენებოდეს Webkit, Onion-ბრაუზერი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოების ისეთივე დონეს, როგორსაც Tor-ბრაუზერი.
იხილეთ ვრცლად Onion Browser-ის შესახებ. ჩამოტვირთეთ Onion Browser App Store-იდან.
ამჟამად, არ არსებობს რამე მხარდაჭერილი გზა Tor-ის ძველ Windows-ტელეფონებზე გასაშვებად, თუმცა Microsoft-ის მიერ გავრცელებულ ახალ ტელეფონებზე იგივე ნაბიჯები გამოდგება, რომლებითაც შესაძლებელია Tor-ბრაუზერის Android-ზე დაყენება.
Tor საჭიროებს თქვენი სისტემის საათის (ასევე დროის სარტყლის) სწორად მითითებას.
ანტივირუსი ან მავნე პროგრამებისგან დაცვა ზღუდავს Tor-ბრაუზერთან წვდომას. ზოგჯერ, აგდებს ცრუ განგაშს, მავნე პროგრამებსა და/ან სისუსტეებზე. ვრცლად, ამის შესახებ იხილავთ ჩვენი მხარდაჭერის საიტზე. ქვემოთ მოცემული ზოგიერთი ანტივირუსი და ქსელის ფარი ცნობილია, რომ აფერხებს Tor-ს და შესაძლოა, მისი დროებით გათიშვა დაგჭირდეთ:
VPN-ები ასევე აფერხებს Tor-ს და საჭიროა მათი გათიშვა. ამასთანავე, არ გირჩევთ VPN-ის გამოყენებას Tor-თან ერთად, თუ არ ხართ გამოცდილი მომხმარებელი, რომელმაც იცის თუ როგორ გამართოს ორივე ისე, რომ არ დაირღვეს მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება. დაწვრილებით, Tor-ის VPN-თან გამოყენების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვიკიში.
ვიდეოები, რომელთაც ესაჭიროება Adobe Flash, მიუწვდომელია. Flash გათიშულია უსაფრთხოების მიზნით.
Tor-მა შესაძლოა გადამცემი ხიდი აღარ გამოიყენოს, თუ პროქსია მითითებული.
Tor-ბრაუზერის კრებული დათარიღებულია 1 იანვრით, 2000 00:00:00 UTC. ეს იმისთვის, რომ ყოველი ანაწყობი ზუსტად ერთნაირად გავრცელდეს.
თუ Tor-ბრაუზერი აქამდე მუშაობდა და აღარ მუშაობს (განსაკუთრებით თავიდან დაყენების ან განახლების შემდგომ), შეიძლება თქვენი სისტემა ძილის რეჟიმში იმყოფებოდა. სისტემის ხელახლა ჩართვა ასეთ შემთხვევაში შველის ხოლმე.
Tor ვერ გაეშვება Windows-ში, როცა საქაღალდის მისამართში არალათინური სიმბოლოებია.
BitTorrent ვერ უზრუნველყოფს ვინაობის გაუმხელობას Tor-ით.
ვინაობის ვებდამოწმებისა (WebAuthn) და საყოველთაო 2-ბიჯიანი დამოწმების (U2F) (ე.ი. YubiKey) მხარდაჭერა გათიშულია Tor-ბრაუზერში.
ატვირთული სურათები Tor-ბრაუზერში (კომპიუტერსა და Android-ზე) შემთხვევითი შერჩევითაა.
სურვილის შემთხვევაში, Tor-ბრაუზერი სატარებლადაც გამოდგება, არქივის შიგთავსის ამოღებითა და განთავსებით პირდაპირ მოსახსნელ მოწყობილობაზე, როგორიცაა USB-მეხსიერება ან SD-ბარათი. სასურველია, მოწყობილობას ჰქონდეს ჩაწერის შესაძლებლობაც, რომ Tor-ბრაუზერმა შეძლოს განახლება საჭიროებისას.
Windows-ისთვის:
შეაერთეთ მოსახსნელი მოწყობილობა და დააფორმატეთ. ნებისმიერი საფაილო სისტემა გამოდგება.
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ Windows-ზე .exe
ფაილი და შეინახეთ პირდაპირ აღნიშნულ მოწყობილობაზე.
(სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.
როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, დაწკაპეთ .exe
ფაილი და დაიწყება დაყენება.
მას შემდეგ, რაც დაყენების მეგზური მოითხოვს მდებარეობის შერჩევას Tor-ბრაუზერისთვის, მიუთითეთ თქვენი მოსახსნელი მოწყობილობა.
macOS-ისთვის:
შეაერთეთ მოსახსნელი მოწყობილობა და დააფორმატეთ. საფაილო სისტემად აუცილებლად უნდა მიუთითოთ Mac OS Extended (Journaled).
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ macOS-ის .dmg
ფაილი და შეინახეთ პირდაპირ აღნიშნულ მოწყობილობაზე.
(სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.
როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, დაწკაპეთ .dmg
ფაილი და დაიწყება დაყენება.
მას შემდეგ, რაც დაყენების მეგზური მოითხოვს მდებარეობის შერჩევას Tor-ბრაუზერისთვის, მიუთითეთ თქვენი მოსახსნელი მოწყობილობა.
GNU/Linux-ისთვის:
შეაერთეთ მოსახსნელი მოწყობილობა და დააფორმატეთ. ნებისმიერი საფაილო სისტემა გამოდგება.
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ Linux-ის .tar.xz
ფაილი და შეინახეთ პირდაპირ აღნიშნულ მოწყობილობაზე.
(სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.
როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, არქივიდან ამოღებული შიგთავსი განათავსეთ იმავე მოწყობილობაზე.
როდესაც გვიგზავნით დახმარების მოთხოვნას მოხსენებას ხარვეზის შესახებ ან გსურთ გამოხმაურება, გთხოვთ დაურთოთ მეტად ვრცელი ინფორმაცია:
ორშაბათიდან ხუთშაბათამდე: მომხმარებელთა მხარდაჭერის არხები, მათ შორის ელფოსტა, Telegram, WhatsApp და Signal, მოქმედია.
პარასკევიდან კვირამდე: ცხელი ხაზი დახურულია. ნუ იღელვებთ, ჩვენი გუნდი თქვენს წერილებს ორშაბათიდან დაუბრუნდება.
რამდენიმე გზაა, ჩვენთან დასაკავშირებლად, გთხოვთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი.
გვაქვს რამდენიმე ოფიციალური Telegram-ბოტი და არხი:
გირჩევთ, დახმარება ითხოვოთ Tor-ის ფორუმზე. დაგჭირდებათ ანგარიშის შექმნა ახალი თემის გასახსნელად. გთხოვთ გაეცნოთ მიმოწერის მითითებებს და გადახედოთ არსებულ თემებს კითხვის დასმამდე. ჯერჯერობით, სწრაფი პასუხის მისაღებად გთხოვთ დაწეროთ ინგლისურად. თუ წააწყდით ხარვეზს, გამოიყენეთ GitLab.
დახმარების მისაღებად გამოგვიგზავნეთ ტექსტური შეტყობინება WhatsApp-ნომერზე: +447421000612. მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ ტექსტური წერილების გამოყენებით; ვიდეოები ან სატელეფონო ზარები არაა მხარდაჭერილი.
დახმარების მისაღებად გამოგვიგზავნეთ ტექსტური შეტყობინება Signal-ის ნომერზე: +17787431312. Signal თავისუფალი და პირადულობის დაცვაზე მიმართული აპლიკაციაა მიმოწერისთვის. ამჟამად, ჩვენი მხარდაჭერის ფორუმი ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე და ყურადღება ექცევა Tor-მომხმარებლებს ცენზურის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან. მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ ტექსტური წერილების გამოყენებით; ვიდეოები ან სატელეფონო ზარები არაა მხარდაჭერილი. წერილის მოწერის შემდგომ ჩვენი წარმომადგენლები გაგიძღვებიან სიძნელეების გადალახვაში.
მოგვწერეთ ელფოსტაზე frontdesk@torproject.org
ელფოსტის თემის ველით, გვაცნობეთ რას შეეხება მოხსენება. რაც უფრო ნათლად იქნება საკითხი მოცემული (მაგ. „კავშირის ხარვეზი“, „გამოხმაურება საიტის შესახებ“, „გამოხმაურება Tor-ბრაუზერის თაობაზე“, „მესაჭიროება გადამცემი ხიდი“), მით უფრო ადვილად შევძლებთ გარკვევასა და თვალის მიდევნებას. ზოგჯერ, როცა ვიღებთ წერილებს საკითხის მიუთითებლად, აღინიშნება ხოლმე არასასურველ შეტყობინებად და ვეღარ ვნახულობთ.
სწრაფი პასუხისთვის გთხოვთ დაწეროთ ინგლისურად, რუსულად, ესპანურად, ჰინდიზე, ბენგალურად და/ან პორტუგალიურად, თუ მოახერხებთ. თუ არცერთი ეს ენა არაა გამოსადეგი, მაშინ მოგვწერეთ სასურველ ენაზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პასუხმა შეიძლება დიდხანს გასტანოს, ვინაიდან დრო დაგვჭირდება გადასათარგმნად და გასაგებად.
შეგიძლიათ მონახოთ #tor
არხი OFTC-ზე ან Tor-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის არხი Matrix-ზე. შესაძლოა, მაშინათვე არ გიპასუხოთ, მაგრამ ვამოწმებთ ხოლმე დაგროვებულ მონაწერებს და აუცილებლად გამოგეხმაურებით, როცა მოვიცლით.
იხილეთ, როგორ გამოიყენოთ IRC / Matrix.
პირველ რიგში შეამოწმეთ, ხარვეზი უკვე ცნობილია თუ არა. შეგიძლია მოიძიოთ და იხილოთ ყველა ხარვეზი, მისამართზე https://gitlab.torproject.org/. ახალი საკითხის წამოსაჭრელად, გთხოვთ მოითხოვოთ ახალი ანგარიში Tor-პროექტის GitLab-განყოფილებასთან წვდომისთვის და მონახეთ შესაფერისი საცავი ხარვეზის მოსახსენებლად. Tor-ბრაუზერთან დაკავშირებული საკითხები განიხილება Tor-ბრაუზერის ხარვეზების აღმნუსხავში. ჩვენს ვებსაიტებთან დაკავშირებულ საკითხებზე გახსენით ბილეთი ვებხარვეზების აღმნუსხავში.